საქართველოს მაღალ მთებში, სადაც არწივები ბუდობენ და ჰაერი კრისტალივით სუფთაა, განსაკუთრებული, ძლიერი ხალხი იზრდება. სწორედ ასეთ გარემოში დაიბადა ბიჭი, რომელსაც მშობლებმა პიმენი დაარქვეს.
თავიდან პიმენს საკუთარი სახელი მაინცდამაინც არ მოსწონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ ეს სახელი მის ბედს უკავშირდებოდა და მის ტარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ბავშვობიდანვე პიმენი გამოირჩეოდა. ის ბევრს ვარჯიშობდა და თავისუფალ დროს მდინარის პირას ატარებდა. წყალი მისი სტიქია იყო — სულ ცურავდა, ირგვლივ ყველას უკვირდა, ასეთ პატარას ასეთი გასაოცარი ძალა და წყალთან ასეთი მჭიდრო კავშირი როგორ ჰქონდა.
დრო გადიოდა, პიმენი იზრდებოდა და მამაცი, ძლიერი ახალგაზრდა დგებოდა. მთებში ყოველთვის ცივა, ამიტომ მას მუდამ თან დაჰქონდა თავისი თბილი მოსასხამი. თუმცა ცივ ამინდზე მეტად მას ერთი რამ არ მოწონდა — უსამართლობა. პიმენი ვერ იტანდა სუსტების ჩაგრვას. როგორც კი ვინმეს გაუჭირდებოდა, ის მაშინვე ფარად ეღობებოდა. მისი მტკიცე ხასიათისა და ძალის გამო ის ყველას უყვარდა.
პიმენის სოფელი პატარა იყო, რადგან მთაში ცხოვრება ადვილი არ არის— მკაცრი ზამთარი და ყინვა ყველას აშინებდა.
ერთ დღესაც, როდესაც პიმენი მთებში სეირნობდა, საშინელი ხმაური გაისმა. ციცაბო მთებიდან გიგანტური ზვავი წამოვიდა, რომელიც სწრაფად ეშვებოდა სოფლისაკენ. თუ ზვავი დასახლებამდე მიაღწევდა, პატარა სოფელი და მისი მცხოვრებლები სრულად განადგურდებოდა.
პიმენს არცერთი წამი არ დაუკარგავს —თქვა, რომ სხვას არავის შეეძლო ამ კატასტროფის შეჩერება. თოვლის უზარმაზარი მასის წინაშე მდგარმა, უცნაური, ზეციური ძალა იგრძნო.
ხელი გაიშვირა და მისგან წყლისა და ყინულის გიგანტური ჭავლი ამოვარდა, რომელმაც ძლევამოსილ ფარად შეკრა ზვავის გზა და სოფელი გადაარჩინა.
თავად პი მენსაც უკვირდა ეს საოცარი ძალა. მაშინ გაახსენდა ბავშვობა, მდინარეში გატარებული საათები და მიხვდა, რომ ეს ნიჭი ყოველთვის თან ჰქონდა — ეს ბუნების საჩუქარი იყო.
როდესაც მან შეიგრძნა, თუ როგორი სასიამოვნო იყო სხვების დახმარება და სიცოცხლის გადარჩენა, გადაწყვიტა, ეს ყოფილიყო მისი ცხოვრების მთავარი მიზანი. თუმცა, იმისათვის, რომ ვინმეს არ ეცნო, სახეზე საქართველოს დროშა დაიხატა. პი მენი გზას დაადგა — საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულისაკენ, რათა ყველას დახმარებოდა, ვისაც მისი ძალა დასჭირდებოდა.
შეგიძლიათ ნახოთ ისტორიის მოკლე ანიმაცია.