იყო და არა იყო რა, იყო ერთი მშვენიერი და მშვიდი სამეფო, რომელსაც ბრძენი მამა-მეფე მართავდა. მას ჰყავდა ახალგაზრდა, ცნობისმოყვარე ვაჟი — პრინცი ლეო, რომელიც გამეფებისთვის ემზადებოდა. სასახლეში ლეოს არაფერი აკლდა: ყველა მის სურვილს ასრულებდა და საკვების მოსაპოვებლადაც კი არ სჭირდებოდა გარჯა. თუმცა პრინცი ხშირად იდგა მაღალ კლდეზე, შორს, ჰორიზონტისკენ იყურებოდა და ფიქრობდა: სამყარო ხომ ასეთი დიდია! მის თითოეულ კუთხე-კუნჭულში რაღაც საიდუმლო და თვალისმომჭრელი სილამაზე იმალება.
ლეოს სურდა, სანამ ტახტზე ავიდოდა, ენახე მთელი მსოფლიო, დაეგროვებინა დიდი გამოცდილება და შემდეგ უკეთესად ემართა თავისი სამეფო. ერთ მშვენიერ დილას, პრინცმა გადადგა ეს გაბედული ნაბიჯი, გამოემშვიდობა მამას, გაცდა მშობლიური სამეფოს საზღვრებს და უცნობი თავგადასავლებისკენ გაემართა.
რა თქმა უნდა, მისი მოგზაურობა მარტივი არ ყოფილა. მშობლიურ სამეფოში ლეოს არაფერი აკლდა. ის პრინცი იყო — ყველა სურვილი უსრულდებოდა და საკვების მოსაპოვებლადაც კი არ სჭირდებოდა ზედმეტი შრომა. მაგრამ აქ, სრულიად უცხო გარემოში, სადაც მას არავინ იცნობდა, აღარავინ ზრუნავდა მასზე. ახლა საკუთარ თავზეც და თითოეულ ნაბიჯზეც პასუხისმგებელი მხოლოდ თვითონ იყო. როდესაც პირველ სირთულეებსა და დაბრკოლებებს გადააწყდა, თავიდან ძალიან გაუჭირდა. გულში ეჭვი შემოეპარა და ცოტა არ იყოს, შეეშინდა კიდეც, რომ ასე შორს წამოვიდა.
თუმცა პრინცს ფარ-ხმალი არ დაუყრია და უკან არ დაუხევია. მან იცოდა, რომ გადადგმული ნაბიჯი ბოლომდე უნდა მიეყვანა. ლეოს სჯეროდა, რომ თუ ამ განსაცდელს გადალახავდა, წინ დიდი გამარჯვება ელოდა. ამ სირთულეებმა ის ორმაგად გაზარდა — პიროვნულადაც და ფიზიკურადაც. მან ისწავლა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. ეს ბევრად უფრო ამაღელვებელი იყო, ვიდრე სასახლის ყოველდღიური, სტაბილური რუტინა. ყოველი დილა ახალი აღმოჩენის მოლოდინით იწყებოდა.
ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, ბოლოს ერთ ულამაზეს, ჯადოსნურ ადგილს მიადგა. იქ ყველაფერი თვალისმომჭრელი, უცხო და მიმზიდველი იყო. პრინცი აღფრთოვანებული შეჰყურებდა ამ სილამაზეს და ფიქრობდა: „მამა რომ არ მელოდებოდეს შინ, აუცილებლად აქ დავრჩებოდი სამუდამოდ საცხოვრებლად...“
ამ უცნობ სამეფოში ლეომ გაიცნო მოხუცი სპილო, რომელიც საოცარი სიბრძნით გამოირჩეოდა. სპილომ ასწავლა როგორ ეპოვნა წყალი, საკვები და რაც მთავარია სულიერი სიმშვიდე.
ერთხელ, როცა ლეო და სპილო სეირნობდნენ, უეცრად დაინახეს რომ უცხოტომელები სამეფოში შემოჭრასა და ადგილობრივი ცხოველების აწიოკებას გეგმავდნენ. ლეომ მთელი ძალით დაიღრიალა და ირგვლივ ყველა ცხოველს უხმო. გაერთიანებულმა მხეცებმა, პრინცის ლიდერობით, ადვილად დაამარცხეს მტერი და კუდამოძუებულები განდევნენ.
ყველა ბედნიერი იყო! მადლიერი ცხოველები ლეოს ევედრებოდნენ: „შენ ჩვენი მხსნელი ხარ, გთხოვთ, სამუდამოდ აქ დარჩი!
თუმცა ლეოს თავისი ტომელები გაახსენდა. მან იცოდა, რომ მშობლიურ სახლში ახლა, შესაძლოა, ყველაზე მეტად სჭირდებოდათ მისი დახმარება. ლეომ ყველას სიყვარულით გადაუხადა მადლობა და შინისკენ მიმავალ გზას გაუდგა. ახლა მას უკვე ზურგს უმაგრებდა უდიდესი გამოცდილება, სიმამაცე და ბრძენი სპილოსგან მიღებული გაკვეთილები.
შინ დაბრუნებულ პრინცს ყველანი უდიდესი სიხარულითა და ზეიმით შეეგება. მამა-მეფე უკვე მოხუცებულიყო — მან სიამაყით გადასცა შვილს თავისი გვირგვინი. მეფე ლეოს მსგავსი მამაცი, ჭკვიანი და სამართლიანი მმართველი იმ სამეფოს არ ჰყოლია
ჭირი -- იქა, ლხინი -- აქა, ქატო -- იქა, ფქვილი -- აქა!