იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა, ლამაზი ზღვისპირა სოფელი. ხალხი თევზაობით ირჩენდა თავს. ყველა ბედნიერად ცხოვრობდა — დიდებიც და ბავშვებიც. თამაშობდნენ, ცეკვავდნენ და თევზიც არ აკლდათ.
მაგრამ ერთხელაც ზღვაში თითქოს თევზი გამოილია, ვეღარაფერს იჭერდნენ. ხალხი დაღონდა: „ასე თუ გაგრძელდება, რა გვეშველებაო“.
ეს საუბარი გაიგონა ერთმა პატარა, მამაცმა და ჭკვიანმა გოგონამ, სახელად ადამ. ძალიან დაღონდა, ზღვის პირას ჩამოჯდა, ფიქრი დაიწყო და თან წყალს გაჰყურებდა. უცებ გულწრფელად წამოიძახა: — რა მოხდა, საყვარელო ზღვა, თევზს რატომ აღარ გვაძლევ?!
ამ დროს წყლიდან საოცარი, ოქროსფერი ნათება გამოჩნდა. ტალღები წყნარად გადაიპო და ნაპირთან კეთილმა დელფინმა გამოცურდა. მან თბილად უთხრა ადას: — ნუ დარდობ, პატარა ადა! ზღვა თქვენზე არ გაბრაზებულა. თევზები ოცნებების კუნძულისაკენ წავიდნენ, რადგან ადამიანებმა ერთმანეთზე ზრუნვა შეწყვიტეს. თუ გინდა, ჩემს ზურგზე ამხედრდი და ერთად გავცუროთ ამ კუნძულისკენ, რათა შენს სოფელს სიხარული დაუბრუნო!
ადას სულაც არ შეშინებია. მან გაიღიმა, სიხარულით შეახტა კეთილ დელფინს ზურგზე და მათ ერთად დაიწყეს მხიარული მოგზაურობა ლურჯ ტალღებში.
როდესაც ნისლი გაიფანტა, ადას თვალწინ საოცარი სანახაობა გადაეშალა: შუაგულ ზღვაში ფერადი კუნძული მოჩანდა. ეს იყო ოცნებების კუნძული.
ადამ სირბილით მოიარა პატარა კუნძული. ძალიან მოეწონა, ირგვლივ ყველაფერი ულამაზესი იყო! უცებ დაინახა ათასფრად მოციმციმე ნიჟარა. მიუახლოვდა და ინტერესით დააკვირდა.
ნიჟარამ თბილი, წკრიალა ხმით დაილაპარაკა: — კეთილი იყოს შენი მოსვლა, მამაცო ადა! მე ვიცი, რამ მოგიყვანა ამ შორეულ კუნძულზე. შენს სოფელს თევზი და სიხარული მოაკლდა, რადგან ადამიანებმა ერთმანეთზე ზრუნვა და ოცნება დაივიწყეს. ჩემი გახსნა და ზღვის გამოცოცხლება მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც სუფთა გული აქვს და ორ საიდუმლოს ამოხსნის.
აი პირველი: „მე არ ვარ ნივთი, მაგრამ როდესაც სხვას უნაწილებ, შენ უფრო მეტი გრჩება. როდესაც გულში მიღებ, დარდი და შიში ქრება. რა ვარ მე?“
ადა ჩაფიქრდა და მაშინვე გაახსენდა თავისი სოფელი, სადაც ადრე ყველას ერთმანეთი უყვარდა და ერთმანეთს ეხმარებოდა. — ეს სიკეთე და სიყვარულია! — თქვა მან დარწმუნებით. იმავე წამს ნიჟარა ოდნავ გადაიშალა და საოცარი ოქროსფერი შუქი გადმოიფრქვა.— სწორია! — ახლა კი მეორე, ყველაზე მთავარი საიდუმლოს დრო დადგა:
„მე ვარ ის, რაც ყველაზე დიდ სიბნელესაც კი ფანტავს, მომავლის იმედს გაძლევს და როცა გჯერა, შეუძლებელს შესაძლებლად აქცევს. რა ვარ მე?“
ადას გაეღიმა, ხელი გულზე დაიდო და მტკიცედ თქვა: — ეს ოცნებაა! ამ სიტყვებზე ნიჟარა ბოლომდე გადაიშალა! შიგნიდან ამოფრინდა ათასფრად მოციმციმე ჯადოსნური მარგალიტი, რომელიც მაღლა ცაში ავიდა, მზის სხივებს შეერია და მთელ ოკეანეს ოქროსფერი ნათება გადაეფარა.იმავე წამს ზღვა სიცოცხლით აივსო — წყალში ათასობით ფერადმა თევზმა დაიწყო ცურვა!
დელფინმა მხიარულად ისკუპა ტალღებიდან: — ყოჩაღ, მამაცო ადა! შენ იხსენი შენი სოფელი! ახტი ჩემს ზურგზე, შინ უნდა დაგაბრუნო.
როდესაც დელფინი ნაპირს მიუახლოვდა და ადამ სანაპიროზე ჩამოაბიჯა, მშობლები სიხარულის ცრემლებით გამოექანნენ, გულში ჩაიკრეს თავიანთი პატარა გოგონა და დიდხანს ეხვეოდნენ.
— შვილო, ყველგან გეძებდით, სად წახვედი? — ეუბნებოდნენ აღელვებული მშობლები და თან ცრემლებს იწმენდნენ. — მეორედ უკითხავად აღარ წახვიდე სადმე, თორემ ძალიან ვინერვიულეთ!ადამ მშობლებს აკოცა და პირობა მისცა, რომ უკითხავად აღარსად წავიდოდა. შემდეგ კი უამბო თავისი ჯადოსნური მოგზაურობის შესახებ. მშობლები გაოცებულები იყვნენ შვილის ასეთი სიმამაცით.მთელი სოფელი ზეიმობდა და მადლობას წირავდა ღმერთს ამ დიდებული სასწაულისთვის. ზღვაში ისევ უამრავი თევზი დაცურავდა, ხოლო ხალხმა სამუდამოდ დაიმახსოვრა: სიკეთე, ერთმანეთზე ზრუნვა და ოცნება ის ჯადოქრობაა, რომელიც ნებისმიერ გაჭირვებას დაამარცხებს.