გატეხილი საათი მოტეხილი ფეხი როდია, არც ჩამსხვრეული მინაა გაბზარული გული! ბავშვებთან დაახლოებით ასე უნდა ვილაოარაკოთ: ,,ხელთათმანი ისევ დაგიკარგავს. საწყენია, ის ხომ ფული ღირს. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, თუმცა ტრაგედია არ არის.''
მსგავსი უსიამოვნება შეიძლება კარგი საბაბი იყოს ბავშვისთვის ნამდვილი ფასეულობების შესაცნობად. როდესაც 8 წლის დიანამ ბეჭდის თვალი დაკარგა, მწარედ ატირდა. მამამ დაინახა, როგორ განიცდიდა პატარა დანაკარგს, ამიტომ მკაფიოდ და გადაჭრით უთხრა: „ჩვენს ოჯახში ქვები ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც ადამიანები და გრძნობები. ყველამ შეიძლება ბეჭდის თვალი დაკარგოს, მაგრამ მათი შეცვლა პრობლემა არ არის. ჩემთვის მთავარი შენი განცდებია. შენ მართლა მოგწონს ეს ბეჭედი? იმედია თვალს იპოვი“.
მშობლის მიერ შვილის გაკრიტიკება სრულიად ფუჭი განზრახვაა. იგი ბრაზსა და წყენას იწვევს. უარესიც, ბავშვები, რომლებსაც ხშირად აკრიტიკებენ, საკუთარი თავისა და სხვების გაკრიტიკებას ეჩვევიან. ისინი საკუთარ მნიშვნელობაში ეჭვის შეტანას იწყებენ და ვეღარც სხვების დაფასებას ახერხებენ.
11 წლის ჯასტინმა მშობლებს პირობა მისცა, რომ მანქანას გარეცხავდა, მაგრამ ამის შესრულება დაავიწყდა. ბოლო წუთს სცადა საქმე როგორმე გამოესწორებინა, მაგრამ ვერ დაასრულა.
მამა: მანქანა კარგად გარეცხილი არ არის, შვილო. რაღაც ჭუჭყი დარჩა ზემოთ და მარცხენა მხარეს. როდის მოახერხებ?
ჯასტინი: შემიძლია დღეს გავწმინდო, მამა.
მამა: გმადლობ.
მამის შენიშვნამ შვილი ყოველგვარი კრიტიკის გარეშე წაახალისა საქმე დაესრულებინა და თან არც მამაზე გაბრაზებულიყო. წარმოიდგინეთ, როგორ მოიქცეოდა ჯასტინი მამას მისი გაკრიტიკება რომ დაეწყო, ყველაფრის გაკეთების სურვილს დაკარგავდა.
შეურაცხყოფა მოწამლული ისარია, მისი გამოყენება მტრის წინააღმდეგ კი შეიძლება, მაგრამ შვილის საწინააღმდეგოდ ნურასოდეს ნუ გამოიყენებთ. როგორც კი მოუქნელს, ბრიყვს და უშნოს ბავშვს ვუწოდებთ მას მაშინვე რაღაც ემართება: განიცდის, ბრაზობს, შურისძიების წყურვილით ივსება, თან დანაშაულის გრძნობაც ეუფლება.
როდესაც ბავშვს წამდაუწუმ უმეორებენ, რა მოუქნელი ხარო, თავიდან შეიძლება შეეკამათოს, სულაც არაო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, თვითონაც დაიჯერებს, რომ მოუქნელია. მაგალითად, თამაშის დროს თუ წაიქცა, საკუთარ თავს ეტყვის, რა მოუქნელი ხარო. მერე კი ეცდება ისეთ მოძრავ თამაშებს, რომლებსაც სისხარტე ესაჭიროება, თავი აარიდოს, რადგანაც დარწმუნებული იქნება თავის მოუქნელობაში. როცა მშობლები, მასწავლებლები და ბავშვები დაუსრულებლად უმეორებენ ბრიყვი ხარო, ბოლოს და ბოლოს თვითონაც დაიჯერებს ამას და საერთოდ აღარ გამოამჟღავნებს თავის გონებრივ მონაცემებს, რათა ამით არასასურველი დაცინვა აიცილოს. იმითაც მოხარული იქნება, თუკი თავს დაანებებენ. მისი დევიზი გახდება, ,,ნურაფერს ეცდები და წარუმატებლობაც არ იქნება''.
ბავშვებს რომ საკუთარ თავზე ღირებული წარმოდგენა გაუჩნდეთ, ძირითადად მათთვის წამახალისებელი შეფასებები უნდა ესმოდეთ. თუ გვინდა, რომ ჩვენს შვილებს საკუთარი თავის რწმენა ჰქონდეთ და წარმატებულები გაიზარდონ, ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რათა მათი საქციელების დადებითი მხარეები გამოვყოთ და დამამცირებელ კომენტარებს თავი ავარიდოთ.