ბავშვებთან ურთიერთობის დამყარება რომ შევძლოთ, მათ პატივს უნდა ვცემდეთ და გარკვეული ცოდნით უნდა ვიყოთ შეიარეღებულები. ამისთვის აუცილებელია: 1)საუბრის შინაარსი არ უნდა ლახავდეს არც ბავშვის და არც მშობლის თავმოყვარეობას; 2)რჩევებსა და დარიგებებს წინ უნდა უსწრებდეს იმის გამოხატვა, რომ მათი გვესმის.
ცხრა წლის ერიკი შინ ძალიან გაბრაზებული ბრუნდება: მისი კლასი პიკნიკზე უნდა წასულიყო, მაგრამ წვიმამ გეგმები ჩაუშალა. მამამ გადაწყვიტა, შვილს სხვაგვარად დალაპარაკებოდა და თავი შეიკავა ჩვეული კომენტარისგან, რომელიც ადრე, როგორც წესი, ცეცხლზე ნავთის დასხმა უფრო იყო: ,,ცრემლებით საქმეს ვერ უშველი'', ,,ტირილიტ წვიმა გადაიღებს თუ რა'', ,,არაუშავს სხვა დროს წახვალ, მე რაშუაში ვარ, თუკი გაწვიმდა, მე რატო მებუტები?!''
ნაცვლად ამისა, მამამ გაიფიქრა: ,,ბავშვი გულნატკენია, პიკნიკი რომ ჩაეშალათ. ახლა უნდა საკუთარი გრძნობები გამიზიაროს, ამიტომ უნდა დავეხმარო, დავამშვიდო, დავუმტკიცო რომ მესმის მისი და პატივს ვცემ მის გრძნობებს''.
-მამა-შვილს შორის ასეთი საუბარი გაიმართა:
-მამა: როგორ გაგიცრუვდა იმედი, არა?!
-ერიკი: ჰო, ძალიან...
-მამა: როგორ გინდოდა პიკნიკზე წასვლა!
-ერიკი: აბა რა!
-მამა: ყველაფერი მზად გქონდა, მაგრამ უცებ წვიმამ დასცხო და ყველაფერი გააფუჭა!
-ერიკი: ჰო, ზუსტად.
საუბარი აქ შეწყდა. ხანმოკლე დუმილის შემდეგ, ბიჭმა თქვა: ,,ჯანდაბა, არა უშავს, სხვა დროს წავალთ''. ბრაზი თვალსა და ხელს შუა გაუქრა.
როცა ბავშვი ძლიერ განიცდის რამეს, იგი არავის უსმენს. იმ წუთებში მას არ შეუძლია მიიღოს არც რჩევა, არც კრიტიკა. მას მხოლოდ ერთი რამ სჭირდება: გავუგოთ, იმ წუთში რას გრძნობს, თანაც გავუგოთ ყოველივე ახსნა-განმარტების გარეშე.
როგორ უნდა გავარკვიოთ რას გრძნობენ ჩვენი შვილები? უნდა ვუყუროთ და ვუსმინოთ. რა თქმა უნდა, ამის გარკვევაში საკუთარი გამოცდილებაც დაგვეხმარება.სამწუხაროდ, მშობლებს არ ესმით, რომ ბავშვის ცუდი საქციელი მათი განცდების შედეგია. ბავშვს რაღაც აწუხებს, რაც მის არასწორ საქციელს იწვევს. ამიტომ სანამ საქციელის გამოსწორებაზე ფიქრს დავიწყებთ, შვილის გრძნობებში უნდა გავერკვეთ.
ბავშვი არ დაწყნარდება და არც გაღიზიანება გაუვლის, თუკი ვეტყვით, ასე გაბრაზება არ შეიძლებაო. საქმეს არც იმის მტკიცება უშველის, გულთან ახლოს მისატანი არაფერი არ შეგმთხვევიაო, მღელვარება არც მაშინ გაუვლის, თუკი გაბრაზებას ავუკრძალავთ. საქმეს მხოლოდ მაშინ მოევლება, თუკი თქვენი პატარა თქვენგან გაგებასა და თანაგრძნობას დაინახავს.
სხვათა შორის, ასეთი დამოკიდებულება მოზრდილებთანაც უპრიანია, რასაც მოწმობს ქვემოთ მოყვანილი ამონარიდი მშობლების სადისკუსიო ჯგუფის ერთ-ერთი შეკრებიდან:
-წამყვანი: წარმოიდგინეთ დილა, როდესაც ყველაფერი სხვანაირად მიდის. ტელეფონი გაუთავებლად რეკავს, ბავშვი ტირის, პური კი ტოსტერში იწვის. თქვენი მეუღლე ტოსტერს შესცქერის და ამბობს: ღმერთო ჩემო! როდის ისწავლი ტოსტების მომზადებას?! ასეთ შემთხვევაში როგორი რეაგირება გექნებათ?
მშობელი: იმ ტოსტს პირდაპირ სახეში მივახლი!
მშობელი: ვეტყვი, ადექი ეგ წყეული ტოსტები თავად შეწვი.
მშობელი: ალბათ ისე მეწყინება, შეიძლება ავტირდე კიდეც.
წამყვანი: მეუღლის ნათქვამი თქვენში როგორ გრძნობებს გამოიწვევს?
მშობელი: განრისხებას, სიძულვილს, წყენას.
წამყვანი: იმ დღეზე რა აზრი გექნებათ?
მშობელი: საშინელ დღედ წარმომიდგება.
წამყვანი: ახლა კი წარმოიდგინეტ იგივე სიტუაცია: ტოსტი დაიწვა, მაგრამ მეუღლე არსებულ მდგომარეობას აკვირდება და ამბობს: ძვირფასო, რა მძიმე დილა გაგვითენდა. აქეთ ბავშვი ტირის, იქით ტელეფონი არ ჩერდება, ახლა კი ეს ტოსტებიც დაიწვა!
მშობელი: ძალიან მესიამოვნება მისი ნათქვამი, ისე გამიხარდება, რომ ჩავეხუტები და ვაკოცებ.
წამყვანი: რატომ? თქვენი პატარა ხომ ისევ ტირის, ტოსტი კი ისევ დამწვარია.
მშობელი: ამას უკვე ისეთი მნიშვნელობა აღარ ექნება.
წამყვანი: განსხვავება რაა?
მშობელი: თავს კარგად იმიტომ ვიგრძნობ, რომ არ გამაკრიტიკებენ.
წამყვანი: ის დღე თქვენთვის როგორი იქნება?
მშობელი: ხალისიანი და ბედნიერი.
წამყვანი: მოდი, ახლა გავარკვიოთ, ტოსტების დაწვის ინციდენტის ამ ორი ვარიანტიდან თქვენს შვილებთან ურთიერთობისთვის რომელს აირჩევდით.
მშობელი: ვხვდები საითაც მიგყავთ საუბარი. ყოველთვის ვეუბნები ჩემს შვილს: ,,საკმარისად დიდი ხარ იმისთვის, რომ იცოდე, საკმაოდ დიდი, რომ ეს გაიგო''. ალბათ ჩემს შვილს ეს სიტუაციები მობეზრდა. იმდენად მიჩვეული ვარ, რომ მაკრიტიკებენ, ბავშვის გაკრიტიკება ჩვეულებრივ ამბად მეჩვენება.
წამყვანი: მოდი, გავარკვიოთ, დამწვარი ტოსტების ამბავი რას გვასწავლის და რა ეხმარება ადამიანს, ბრაზი სიყვარულად აქციოს.
მშობელი: ის ფაქტი, რომ თურმე ვიღაცას შეუძლია გაგიგოს და არ გაგამტყუნოს და ის ვიღაცა სულაც არ გიწყებს ჭკუის სწავლებას.
მოცემული სცენა გვიჩვენებს, რომ სიტყვებს ძალა აქვს და ეს ძალაა, რომელსაც სიყვარულისა და სიძულვილის ჩამოყალიბება შეუძლია. მორალი ასეთია: მოვლენაზე ჩვენს რეაგირებას შეუძლია, არსებითად შეცვალოს ოჯახში ატმოსფერო.