იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა გოგონა, სახელად ადელინა, რომლის შინაგანი სამყარო უსასრულო, ფერად ტილოს ჰგავდა. ყოველ საღამოს, როცა ოთახში სიჩუმე ჩამოწვებოდა და ბალიშზე თავს დადებდა, ადელინასთვის სრულიად ახალი ცხოვრება იწყებოდა. თვალდახუჭული გადაუფრენდა ხოლმე ოკეანეებს, სეირნობდა უცხო ქვეყნების კაშკაშა ქუჩებში, ირგებდა ათასგვარ პროფესიას. მის ფანტაზიას საზღვრები არ გააჩნდა.
ერთი გაზაფხულის დღეს, სკოლის ეზოში ადელინას თვალწინ ისეთი ამბავი მოხდა, რამაც მისი ბავშვური სამყარო შეძრა. დაინახა, როგორ წაართვეს თანაკლასელებმა პატარა ბიჭს ძველი, გახუნებული ჩანთა და ხარხარით მოისროლეს ტალახიან მინდორში. ბიჭი იდგა თავჩახრილი, ცრემლებს ჩუმად იწმენდდა. ადელინა მივიდა, ჩანთა აიღო, გაწმინდა და ბიჭუნას გაუწოდა. სწორედ იმ საღამოს, როცა ბალიშზე თავი დადო— მან გულში დაიფიცა, რომ როცა გაიზარდებოდა ააშენებდა სკოლას, სადაც არავინ არავის დაჩაგრავდა და სწავლას ყველა ბავშვი შეძლებდა.
წლები ნელ-ნელა გადიოდა. ადელინა იზრდებოდა, ოცნებაც მასთან ერთად ფრთებს ისხამდა, მაგრამ პარალელურად იზრდებოდა უხილავი კედელიც — შიში. „რა მოხდება, თუ არ გამოგივა? ხალხი ხომ დაგცინებს?“ — ჩურჩულებდა შინაგანი ხმა.
ერთ საღამოს, ადელინას საყვარელმა ბებიამ, ძველი კოლოფი გაუხსნა. შიგნით ულამაზესი, სათვალე იდო. — „ეს ჯადოსნური სათვალეა, ჩემო გოგონა,“ — უთხრა ბებიამ და სათვალე მოარგო. — „როგორც კი გაიკეთებ, ყველა შიში გაქრება და დაინახავ იმ უსაზღვრო ძალას, რაც შენშია.“
სათვალის გაკეთებისთანავე თითქოს სამყარომ ფერები შეიცვალა! ადელინამ პირველად იგრძნო სრული თავისუფლება. შიში გაიფანტა და მან დაიწყო ოცნებისკენ სვლა. თუმცა, გულის სიღრმეში მაინც ეპარებოდა ეჭვი: „ვაიმე, სათვალე რომ გამიტყდეს, ნუთუ ისევ იმ მშიშარა გოგონად ვიქცევი?“
პირველ დიდ წინააღმდეგობას მაშინ გადააწყდა, როცა სკოლისთვის შენობის ძებნა დაიწყო. ადელინას საკმარისი ფული არ ჰქონდა. იგი კარდაკარ დადიოდა, თავის იდეაზე ემოციით უყვებოდა ყველას, თუმცა უმეტესობა უარით ისტუმრებდა. არ დანებებულა. ბოლოს ერთ კეთილ კაცს შეხვდა, რომელსაც ულამაზესი შენობა ჰქონდა. კაცმა მოუსმინა და უთხრა: — „შენს თვალებში იმხელა სიკეთე და სინათლეა, რომ უარს ვერ გეტყვი. ახლა შენობას ძალიან იაფად, სიმბოლურ ფასად დაგითმობ, ხოლო დანარჩენი მაშინ გადამიხადე, როცა გექნებაო.
სკოლის კარი ფართოდ გაიღო! პირველი მოსწავლეები, რომელებმაც შეაბიჯეს სკოლაში, ობოლი და უმწეო ბავშვები იყვნენ, რომელთა ოჯახებსაც უჭირდათ, სრულიად უფასოდ და დიდი სიყვარულით ასწავლიდა. მალე ეს სკოლა მთელ ქვეყანაში პირველი გახდა.
ერთ საღამოს, როცა ადელინა სარკის წინ იდგა, ოთახში ბებია შემოვიდა. — „ახლა სათვალის მოხსნის დროა, ადელინა,“ — თქვა მან რბილი ხმით. ადელინას გული აუჩქარდა: — „ბებია, რომ მოვიხსნა და შიშები დამიბრუნდეს?“ ბებიამ გაიღიმა, სათვალე ნელა ჩამოხსნა და ხელში ჩაუდო: — „ეს სათვალე სინამდვილეში ჩვეულებრივია, მასში არანაირი ჯადოქრობა არ ყოფილა. მთელი ეს ჯადოქრობა, ნიჭი, სიკეთე და გამბედაობა შენს საკუთარ გულში იმალებოდა. სათვალე მხოლოდ იმისთვის გჭირდებოდა, რომ საკუთარი თავი გერწმუნა.“
იმ დღიდან მოყოლებული, ადელინამ ზუსტად იცოდა: ყველაზე დიდი ჯადოქრობა საკუთარი ძალების რწმენა, სიკეთე და დაუღალავი შრომაა.