პი მენი უკვე ყველასთვის ცნობილი ქართველი სუპერმენი გახდა. მასზე ყველა ლაპარაკობდა — დიდი თუ პატარა. ზოგს სჯეროდა, ზოგსაც გამოგონილი ისტორია ეგონა.
თუმცა, პი მენი ამ ამბით გახარებული სულაც არ იყო. პირიქით, წუხდა, რადგან სადაც არ უნდა გამოჩენილიყო, ყველგან ყურადღებას იქცევდა. მას კი მშვიდი ცხოვრება სურდა. ამიტომ, თბილისისკენ გაეშურა — იმედი ჰქონდა, რომ ამ დიდ ქალაქში ნაკლებად მიიქცევდა ყურადღებას.
თბილისში ჩასულმა პი მენმა გადაწყვიტა, სამსახური ეპოვა. ბევრი იარა, ეძება, მაგრამ შესაფერისი საქმე ვერსად ნახა. ბოლოს უკვე იმედები ჰქონდა გადაწურული, როდესაც დაინახა, რომ დიდი მშენებლობა მიმდინარეობდა. იკითხა — იქნებ თავისუფალი ადგილები გქონდეთო და გაუმართლა. ასეთი ძლიერი ფიზიკური მონაცემების ახალგაზრდა კაცი რომ დაინახეს, სამსახურში მაშინვე აიყვანეს.
პი მენს გაუხარდა. მას უკვე შეეძლო ემუშავა და ასევე დახმარებოდა მათ, ვისაც ეს დასჭირდებოდა.
სწორედ ამ სამუშაო ობიექტზე გადააწყდა ის დიდ უსამართლობას. შემთხვევით გაიგონა უფროსის და მისი თანაშემწის საუბარი, რომლებიც გეგმავდნენ, ღამით ჩუმად მტკვრის სანაპირო ზოლი შეევიწროვებინათ და წყლის კალაპოტი დაეპატარავებინათ, რათა შემდეგ ეს ადგილი ადვილად ჩაეგდოთ ხელში და იქ თავიანთი მშენებლობა წამოეწყოთ.
წყლისა და ბუნების მოყვარულმა პი მენიმ განიზრახა, ხელი შეეშალა მათთვის. იმავე ღამით მიიპარა იმ ადგილას, მაგრამ დაცვამ და თანაშემწეებმა შეამჩნიეს. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და თავდასხმა სცადეს, თუმცა პი მენმა თავისი ძალისა და საბრძოლო უნარების გამოყენებით ყველა დაამარცხა, ხოლო მათი მოტანილი სამშენებლო მასალა მტკვრის დინებას შთაანთქმევინა.
საოცრად განრისხდა უფროსი, როდესაც გეგმა ჩაეშალა და ფულიც იზარალა. მას სმენოდა წყლის მბრძანებელი პი მენის ისტორიები და გაიფიქრა, რომ ეს სწორედ მისი ნამოქმედარი იქნებაო. იმ დღიდან მან პიმენთან მტრობა ჩაიდო გულში, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს გმირი ზუსტად მის სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა.
პი მენს სულაც არ მოწონდა ბოროტმოქმედი უფროსის კომპანიაში მუშაობა, მაგრამ მაინც აგრძელებდა, რადგან ფიქრობდა — თუ ისევ შეამჩნევდა მის ავ განზრახვას, დროულად შეუშლიდა ხელს.