შექება შეიძლება, მხოლოდ ბავშვის მცდელობისა, თუ ამ მცდელობის შედეგისთვის და არა თვით მისი ინდივიდუალური უნარ-ჩვევებისა და ხასიათისთვის. როდესაც ბავშვი ეზოს ასუფთავებს, სავსებით ბუნებრივია შევაქოთ ამდენი რომ იშრომა და იმისთვის თუ რა კარგად გამოიყურება ეზო. სრულიად უადგილოა ამ დროს თქმა, რა კარგი ადამიანია. ქებაში უნდა აისახოს რეალისტური სურათი იმისა, რასაც მან მიაღწია და არ არის საჭირო მისი პიროვნული თვისებები ავიყვანოთ კვარცხლბეკზე.
აი მაგალითი, რომელიც გვიჩვენებს, როგორ უნდა შევაქოთ ბავშვი.
რვა წლის ჯულიმ ბაღში კარგად იმუშავა: ფოცხით ფოთლები მოხვეტა, ნაგავი გადაყარა და სამუშაო იარაღები კოხტად დააწყო თავ-თავის ადგილზე. დედას შვილის ნაშრომი მოეწონა და ეს შემდეგნაირად გამოხატა:
დედა: ბაღი ისეთი დანაგვიანებული იყო, არც კი მეგონა, ერთ დღეში თუ შეიძლებოდა მისი მოწესრიგება.
ჯული: მე კი შევძელი.
დედა: ფოთლებითა და ნაგვით იყო სავსე, ბევრი შრომა მოგიხდა.
ჯული: ჰო, ადვილი არ იყო.
დედა: როგორ გალამაზდა ჩვენი ბაღი, ადამიანს ყურება სიამოვნებს.
გმადლობ, შვილო.
ჯული: გასუფთავდა, ჰო, არაფრის.
დედამ შეაქო არა შვილი, არამედ მისი ნამუშევარი. ბავშვი კი სიამაყითა და სიხარულით აღივსო, რომ ეს მისი შრომის შედეგი იყო. იმ საღამოს მოუთმენლად ელოდებოდა მამის დაბრუნებას, რათა მისთვის სუფთა ბაღი ეჩვენებინა და კვლავ ეგრძნო სიამაყე საკუთარი შრომის გამო. ის შექება კი, რომელიც თვით ბავშვს აფასებს და არა მის საქციელს, მხოლოდ მავნებელია: შენ გადასარევი შვილი ხარ, დედის ნამდვილი მარჯვენა ხელი ხარ, შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა.
კომენტარი ისე უნდა ავაგოთ, რომ ყმაწვილებმა თავადვე გამოიტანონ რეალური დასკვნები საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე. ჩვენი სიტყვები უნდა ჰგავდეს ჯადოსნურ ტილოს, რომელზეც ბავშვს შეუძლია თავად დახატოს საკუთარი პოზიტიური პორტრეტი. 8 წლის კენი მამას ფარდულის დალაგებაში ეხმარებოდა. მუშაობის დროს მძიმე ავეჯის გადატანა მოუხდა.
მამა: ძალიან მძიმე დაზგა იყო, მაგის გაწევა არ გინდოდა?
კენი: მე კი გავწიე.
მამა: სხვას წელი მოსწყდებოდა.
კენი: მე ღონიერი ვარ.
ამ მაგალითში მამამ მხოლოდ ამოცანის სიძნელეზე მიანიშნა შვილს, იმან კი თვითონ გამოიტანა დასკვნა საკუთარ შესაძლებლობებზე. მამას რომ ეთქვა, რა ღონიერი ყოფილხარ, შვილო, კენი უპასუხებდა: არა, მამა, ჩვენს კლასში ერთი ბიჭი ჩემზე ძლიერია. ამას კი გულდასაწყვეტი და უსაგნო კამათი მოჰყვებოდა.
გიორგის დედამ შვილს გიტარაზე ასეთი ბარათი დაუტოვა: შენი დაკვრა უდიდეს სიამოვნებას მგვრის. შვილი აღფრთოვანებული იყო: გმადლობ, რომ მითხარი, კარგი გიტარისტი ხარო. ასე თავად თარგმნა დედის სიტყვები და დააფასა შექება. ასეთი სწორი ქება და ბავშვის მიერ გამოტანილი დადებითი დასკვნები ის აგურებია, რომლითაც მისი ჯანსაღი ფსიქიკა ყალიბდება, რასაც ბავშვი ჩვენი სიტყვების პასუხად საკუთარ თავზე იტყვის, იმას მოგვიანებით ფიქრშიც გაიმეორებს, ხოლო ის რეალისტური დადებითი გამონათქვამები, რომლებსაც თავისთვის გაიმეორებს, მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს ბავშვის წარმოდგენას საკუთარ თავზე და გარე სამყაროზე.