ბავშვების ნათქვამი ზოგჯერ დაშიფრულია და ამოხსნას საჭიროებს. ,,რამდენი მიტოვებული ბავშვია ჰარლემში?'' - ეკითხება ათი წლის ენდი მამას. ენდის მამა, პროფესიით იურისტი, ძალზე კმაყოფილი, რომ მისი შვილი სოციალური პრობლემებით დაინტერესდა, დაწვრილებით ახსნა განმარტებას იწყებს საკითხის გარშემო, მაგრამ ენდი მამის პასუხით ვერ კმაყოფილდება და კითხვას კითხვაზე უსვამს: ,, რამდენი მიტოვებული ბავშვია ევროპაში? შეერთებულ შტატებში? მთელ მსოფლიოში?''
ბოლოს და ბოლოს, მამა ხვდება, რომ ბავშვს პრობლემის სოციალური მხარე კი არა, ,,პირადი'' ასპექტი აინტერესებს, ხოლო მის მიერ დასმული კითხვები არა იმდენად მიტოვებული ბავშვების მიმართ თანაგრძნობით, არამედ შიშითაა ნაკარნახევი, რომ შეიძლება ერთხელ ისიც მიატოვონ. მას უნდოდა დარწმუნებულიყო რომ, დედ-მამა არასდროს მიატოვებს. როგორც კი მამა ბავშვის შეკითხვის ნამდვილ არსს სწვდება, შვილს ასე პასუხობს: ,,გეშინია რომ ოდესმე ჩვენც ბედის ანაბარა მიგატოვებთ, როგორც ზოგიერთი მშობელი იქცევა? დარწმუნებული იყავი, რომ ეს არასდროს მოხდება, ჩვენ სულ შენ გვერდით ვიქნებით და თუ ოდესმე ისევ შეგიპყრობს შიში, მითხარი და მე დაგეხმარები ამ შიშის დაძლევაში.
დედასთან ერთად საბავშვო ბაღში პირველად მისულმა ხუთი წლის ნენსიმ კედელზე გაკრული ნახატები დაინახა და ხმამაღლა იკითხა: ,,ვინ დახატა ეს უშნო ნახატები?'' დედა შეცბა, შვილს უკმაყოფილოდ შეხედა და სასწრაფოდ უპასუხა: ,,როგორ შეიძლება ასე გალანძღო სხვისი ნამუშევრები, მით უმეტეს, რომ მშვენიერი ნახატებია!''
საბავშვო ბაღის აღმზრდელი მაშინვე მიხვდა შეკითხვის არსს, ბავშვს გაუღიმა და უთხრა: ,,აქ აუცილებელი არ არის, კარგად ხატო, თუ მოგინდება, შეგიძლია ჯღაბნო კიდეც.'' ნენსი გაიბადრა, ვინაიდან მიიღო პასუხი თავის შეფარულ შეკითხვაზე: ,, რა მოელის გოგონას, რომელმაც კარგად ხატვა არ იცის?'' ნენსი კმაყოფილი დარჩა. კითხვის დასმით გაიგო: ,,აღმზრდელი კარგია, არ გამიბრაზდება, თუ ნახატი არ გამომივა. საშიში არაფერია, შემიძლია მშვიდად ვიყო.''
თორმეტი წლის კეროლი გულნატკენია, ტირილს არაფერი უკლია - მისი საყვარელი ბიძაშვილი, რომელთან ერთადაც მთელი ზაფხული გაატარა, შინ ბრუნდება. სამწუხაროდ, კეროლის დედას არ ყოფნის უნარი, ბავშვის დარდს თანაგრძნობით მოეკიდოს.
კეროლი(თვალცრემლიანი): სუზი მიდის, მე ისევ სულ მარტო ვრჩები...
დედა: სხვა მეგობარს იპოვი სულ მალე გადაგივლის.
კეროლი; ძალიან მოწყენილი ვიქნები.
დედა: როგორმე გაუძლებ.
კეროლი ტირის
დედა: თორმეტი წლის გახდი, მაგრამ მაინც საოცარი მტირალა ხარ.
კეროლი თავის ოთახისკენ გაიქცა და კარი გაიჯახუნა.
სამწუხაროა, რომ ეს სცენა ასე დასრულდა. ბავშვის გრძნობებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, მაშინაც კი, როცა სიტუაცია სერიოზულად არ გვეჩვენება. იქნებ დედის თვალში ბავშვების ამგვარი დროებითი დაშორება არ ღირდა ცრემლებად, მაგრამ შვილის განცდებს მეტი გულისხმიერებით უნდა მოჰკიდებოდა. საკუთარი თავისთვის უნდა ეთქვა: ,,კეროლს ახლა უჭირს. უნდა დავეხმარო დარდის გადატანაში. როგორ? უნდა დავანახო, რომ მისი მესმის და თანავუგრძნობს.'' შვილისთვის კი შეეძლო ამგვარი რამ ეთქვა:
-ჰო, სუზის გარეშე მოიწყენ.
-უკვე გენატრება არა?
-ძნელია ცალ-ცალკე ცხოვრება, როცა უკვე ასე შეეჩვიეთ ერთმანეთს.
-სახლი თითქოს დაცარიელდა სუზის გარეშე, არა?
სწორედ ასეთ რეაქციებს შეუძლია დაახლოვოს ერთმანეთთან დიდები და პატარები. როდესაც ბავშვს გაგებით პასუხობენ, მას უმწეობისა და ტკივილის შეგრძნება უქრება, ხვდება, რომ მშობლები მის მხარესაა, ესმის მისი და ამიტომ მისდამი სიყვარულიც უღრმავდება. მშობლის თანაგრძნობა მის განცდებს მალამოდ ედება.